კინოა, კვინოა (ლათ. Chenopodium quinoa) — მცენარე ნაცარქათამას გვარისა. ძველი მარცვლეული კულტურაა (ძვ. წ. III–II ათასწლეული). მისი სამშობლო ანდებია. ერთწლოვანი მცენარეა, სიმაღლეში 1–2 მეტრს აღწევს. აქვს სქელი, ხისებრი ღერო და სამნაკვთიანი გრძელყუნწა ფოთლები. ყვავილები წვრილია, მოთეთრო-ყვითელი, შეკრებილია სქელ საგველებში. თესლები მომრგვალო, შებრტყელებული (სიგრძე 1–4 მმ), სხვადასხვა ფერის (საკვებად ძირითადად თეთრებს იყენებენ). მარცვალი შეიცავს 19%-მდე ცილებს, დაახლ. 60% სახამებელს, 3,4% ნედლ უჯრედისს, ამინომჟავებს და სხვ. ახალგაზრდა ფოთლები გამოიყენება ბოსტნეულად, თესლებისგან მიიღება ბურღული და ფქვილი. თესლებში 9,5%-მდე ცხიმოვანი ზეთია, რის გამოც კინოა პოტენციურ ზეთოვან კულტურად განიხილება; ზეთისა და საკვები პროდუქტების მიღებისას გვერდით პროდუქტად მიიღება საპონინები.[1] გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში კინოას ნათესებს 191,7 ათასი ჰექტარი ეკავა, უმეტესად სამხრეთ ამერიკის მაღალმთიან რაიონებში; აიღეს 147 ათასი ტონა მარცვალი.[2] ძირითადი მწარმოებლებია პერუ და ბოლივია.[1]

კინოა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  ნაცარქათამა
სახეობა:  კინოა
ლათინური სახელი
Chenopodium quinoa (Willd., 1798)
გავრცელება

  ბუნებრივი გავრცელება
  კულტივირებული
  1. 1.0 1.1 Михалёв С. С. Квиноа // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 495.
  2. Crops and livestock products en. Food and Agriculture Organization of the United Nations. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2023
  NODES