კოკები (< ბერძ. κόκκος [kókkos] — „მარცვალი“) — ჯგუფი ფილოგენეტიკურად მრავალფეროვანი პროკარიოტებისა, რომლებსაც აქვთ სფერული ფორმის უჯრედები. მიეკუთვნებიან როგორც ბაქტერიებს, ისე არქეებს. ხასიათდება დიდი სახეობრივი მრავალფეროვნებით. კოკებს შორის არის აერობული და ანაერობული, მეზოფილური და თერმოფილური ფორმები, ექსტრემალური ჰალოფილები. გაყოფის მიმართულების მიხედვით წარმოიქმნება უჯრედების სხვადასხვა ასოციატები: ერთი მიმართულებით (ერთ სიბრტყეზე) გაყოფისას — დიპლოკოკები ან უჯრედული ჯაჭვები (სტრეპტოკოკები), ორი ურთიერთპერპენდიკულარული მიმართულებით გაყოფისას — ბრტყელი „ფირფიტები“ (ტეტრაკოკები), სამი ურთიერთპერპენდიკულარული მიმართულებით გაყოფისას — კუბური პაკეტები (სარცინები), უჯრედული ტიხრების უწესრიგოდ ჩადგმისას — მტევნისებრი წარმონაქმნები (სტაფილოკოკები). კოკები ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში: ნიადაგში, შლამში, დანალექ ქანებში, მტკნარ წყალსატევებში; მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიოსფეროს ნივთიერებათა წრებრუნვაში. ზოგიერთი პათოგენური სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი არის ანთებით-ჩირქოვანი დაავადებების (მაგ., ფურუნკულოზის) გამომწვევი.[1]

კოკების კლასიფიკაცია გაყოფის მიმართულების მიხედვით:
 a) სტრეპტოკოკები
 b) დიპლოკოკები
 c) ტეტრაკოკები
 d) სარცინები
 e) სტაფილოკოკები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Дуда В. И. Кокки // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 439.
  NODES
Done 1