ნაირიასურეთის ჩრდილოეთით, ვანისა და ურმიის ტბების გარშემო არსებული ტერიტორია. სავარაუდოა, რომ ნაირის ვარიანტია ნაჰარინისა, როგორც ზოგჯერ მითანის სამეფოს უწოდებდნენ. ძვ.წ. XIII-XI სს ასურეთის მმართველთა წარწერებში გვხვდება ცნობები ნაირის წინააღმდეგ ლაშქრობათა შესახებ. თუქულთი-ნინურტა I (ძვ.წ. 1245-09) წერს, რომ ილაშქრა ნაირისა და „ზემო ზღვის პირას მდებარე ქვეყნებზე“, დაიპყრნა ისინი და მათი 40 მეფე დაიმორჩილა. მეფე ტიგლათფილესერ I (ძ.წ. 1115-1077) უფრო ვრცლად აგვიწერს თავის ბრძოლას ნაირის 23 ქვეყნის გაერთიანებულ ლაშქართან. ამ დროის წარმოდგენებით „ნაირის ქვეყნები“ იწყებოდა მდინარეების ევფრატისა (ყარასუ) და აღმოსავლეთ ევფრატის (მურადსუ) შესართავთან და ვრცელდებოდა ჩრდილოეთ შუამდინარეთისა და შავი ზღვის მიმართულებით. ნაირის შესახებ ცნობების გვხვდება აგრეთვე ძვ.წ. IX საუკუნის ასურულ წყაროებში. ამ დროს ეს სახელი თავის ზოგად მნიშვნელობასთან ერთად ვიწრო მნიშვნელობითაც იხმარებოდა და აღნიშნავდა ვანის ტბის სამხრეთით მდებარე ხუბუშქიას სამეფოს მიწა-წყალს. გვიანდელ ხანაში ძველი ნაირის ტერიტორია თითქმის მთლიანად ურარტუს სამეფოს ფარგლებში მოექცა და ტერმინი „ნაირი“ უკვე იშვიათად იხსენიება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 300.
  • Меликишвили Г. А. Древневосточные материалы по истории народов Закавказья, ч. 1 — Наири-Урарту Тб ., 1954.
  NODES