ოლბია (ო ლ ვ ი ა) — ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო მდინარე ბუგზე, დღევანდელ უკრაინაში, მიკოლივის ოლქის ოჩაკოვის რაიონის სოფელ პარუტინოს მახლობლად. ოლბია დააარსეს საბერძნეთის ქალაქ მილეტიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა ძვ. წ. VI საუკუნის დამდეგს.

ოლბიის ნანგრევები

აყვავების პერიოდში (ძვ. წ. V-III სს.) გადაჭიმული იყო 50 ჰა-ზე. შემოვლებული ჰქონდა კოშკებიანი ქვის კედელი. ზემო ქალაქის ცენტრში მდებარეობდა აგორა – სავაჭრო და საზოგადოებრივი ცენტრი და ტემენოსი – სალოცავი უბანი თავისი ტაძრებითა და საკურთხევლებით. ქვემო ქალაქში განლაგებული იყო ხელოსანთა კვარტალები და ნავმისადგომი. აქ საბერძნეთის ქალაქებიდან შემოჰქონდათ ღვინო, ზეითუნის ზეთი, კერამიკული და ლითონის ნაწარმი, ხელოვნებისა და ფუფუნების საგნები. ოლბია ჭრიდა საკუთარ ფულს – სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს მონეტებს.

უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნოდა სახალხო კრებას და არჩეულ საბჭოს. ოლბია თავის მეტროპოლიასთან – მილეტთან მეგობრობის ხელშეკრულებით იყო დაკავშირებული და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ძვ. წ. II საუკუნეში დაემორჩილა სკვითებს, ხოლო როდესაც სკვითები პონტოს მეფემ მითრიდატე VI-მ გაანადგურა, ოლბია მის სამეფოში შევიდა. ძვ. წ. I საუკუნეში ოლბია გეტების ტომებმა დაანგრიეს. II საუკუნეში ოლბიაში ჩადგა რომაელთა გარნიზონი. როგორც ჩანს, ქალაქმა არსებობა შეწყვიტა IV საუკუნეში.

ოლბიაში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო XIX საუკუნეში და სისტემატურად მიმდინარეობდს 1901 წლიდან. ქალაქის ტერიტორია გამოცხადებულია ნაკრძალად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  NODES