ოროგენი (ბერძ. oros — მთა და genes — წარმოშობილი) — კონტინენტებზე მთათწარმოშობის ძირითადი მექანიზმი, რომელიც მიმდინარეობს ფილების კონვერგენტული კიდის გასწვრივ, როდესაც ხდება კიდის შეკუმშვა ფილის მოძრაობით. ოროგენული სარტყელი ან ოროგენი როგორც დედამიწის მოძრავი სარტყელის ტიპი წარმოიქმნება დიდი ტექტონიკური ფილების საზღვრებზე ან რიფტოგენეზისა და კონტინენტური ფილების გახლეჩის დროს. იგი მოიცავს გეოლოგიური პროცესების სერიას, რომელსაც ერთობლივად ოროგენეზისი ეწოდება. მას მიეკუთვნება კონტინენტური ქერქის სტრუქტურული დეფორმაცია და ვულკანიზმთან დაკავშირებული ახალი კონტინენტური ქერქის წარმოქმნა. ოროგენში აზიდულ მაგმას ნაკლები რაოდენობის მკვრივი მასალა მოაქვს ზემოთ, რაც დედამიწის ლითოსფეროს კომპოზიციური დიფერენციაციის შედეგია (ქერქი და ზედა მანტია).[1] სინოროგენული პროცესები ან მოვლენები ოროგენის განმავლობაში მიმდინარეობს.[2]

დედამიწის გეოლოგიური პროვინციები (USGS)

ოროგენული პროცესი მიმდინარეობს ტექტონიკური ფილების კონვერგენტულ ან, სხვაგვარად, კონტინენტების აქტიური კიდეების ზონებში, რომელთაც ადრე დღეისათვის უკვე მოძველებული სახელი — გეოსინკლინი ერქვა, დღეს კი მოძრავი სარტყელი ჰქვია. მთების წარმოშობა მეტად ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათეული მილიონი წლების განმავლობაში გრძელდება. ამავე დროს, არ არის დროში უწყვეტი. დედამიწის გეოლოგიური განვითარების ისტორიაში გამოიყოფა პერიოდები მთათა წარმოშობისა (ე.წ. გეოკრატიული პერიოდები) და პერიოდები სიმშვიდისა (თალასოკრატიული პერიოდები). გეოკრატიულ პერიოდში მთების წარმოშობა მიმდინარეობდა ოროგენეტული ციკლების განვითარებით. ამ შინაარსით ცნობილია კალედონური (სილურული), ჰერცინული (გვიანპალეოზოური), კიმერიული (გვიანტრიასულ-იურული) და ალპური (ცარცულ-კაინოზოური) ოროგენეტული ციკლები ან უბრალოდ ოროგენი. ამ ოროგენეტული ციკლების შედეგად ჩამოყალიბებულ მთათა სისტემებს, შესაბამისად, კალედონიდები, ჰერცინიდები, კიმერიდები და ალპიდები ეწოდება.[3]

ოროგენი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათეული და მეტი მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის ზოგადად ერთიანია, თუმცა ცალკეული სტადიებისაგან შედგება. ამ სტადიებს ოროგენეტული ფაზისები ეწოდება. ჩვეულებრივ ოროგენს თან ახლავს დანაოჭება და ფენის რღვევა, კუთხური უთანხმოების განვითარება და დანალექი კლასტური სოლის ნაფენების არსებობა. რეგიონული მეტამორფიზმი და მაგმური აქტივობა ხშირადაა დაკავშირებული ოროგენულ მოვლენებთან. ოროგენი შეიძლება იყოს სუბდუქციის, ტერეინული აკრეციის, კონტინენტური კოლიზიის და სხვა მიზეზების შედეგი.[4] ამერიკელმა გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა მთათწარმოშობის პროცესები აღწერა 1890 წელს, თუმცა ტერმინი „ოროგენი“ მანამდეც გამოიყენებოდა.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Tony Waltham (2009). Foundations of Engineering Geology (3rd ed.). Taylor & Francis. p. 20. ISBN 978-0-415-46959-3.
  2. Allaby, Michael (2013). "synorogenic". A dictionary of geology and earth sciences (Fourth ed.). Oxford: Oxford University Press. ISBN 9780199653065.
  3. გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.
  4. Orogeny, geology | Encyclopedia Britannica www.britannica.com
  5. Klein G.O. (ed.). (1994). Pangea: Paleoclimate, Tectonics, and Sedimentation During Accretion, Zenith, and Breakup of a Supercontinent. GSA Special Paper. Vol. 288. p. 160.
  NODES