რასა (ფრანგ. Race, გვარი, ჯიში, ტომი) — გარკვეულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთო წარმომავლობა, მსგავსი გარეგნული ნიშნები (კანის, თმის, თვალების ფერი; ცხვირის, სახისა და თავის ქალის ფორმა; სიმაღლე; ასევე სისხლის ჯგუფი და სხვა). ძირითადი რასებია: თეთრი ანუ ევროპეიდული, შავი ანუ ეკვატორულ-ნეგროიდული, ყვითელი ანუ მონღოლოიდური. გამოყოფენ ასევე ორ, ე.წ. წარმოებულ რასას: ამერიკულს (ამერიკანოიდული) და ავსტრალიურს (ავსტრალოიდური). ამერიკანოიდული რასა წარმოქმნილია მონღოლოიდურისგან, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მას ცალკე რასად მიიჩნევს. ავსტრალოიდური რასა კი წარმოქმნილია ნეგროიდულისაგან. ზოგიერთი მეცნიერი მათაც ცალკე რასად თვლის.

თანამედროვე გეოგრაფიაში რასების საზღვრები პირობითია, მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოშობილია სხვადასხვა რასის შერევით. ასეთია მაგალითად ამერიკის მოსახლეობა.

ადამიანთა რასობრივი განსხვავება გამოწვეულია გარკვეულ კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბინადრობისას ბუნებრივი პირობების ზეემოქმედებით. მაგალითად, თეთრი რასის წარმომადგენლები ძირითადად ზომიერ სარტყელში ცხოვრობენ, რამაც განსაზღვრა ღია ფერის კანი; შავი (ნეგროიდული) რასა ცხელ სარტყელში ჩამოყალიბდა, რამაც განსაზღვრა მუქი ფერის კანი და თვალები, ხუჭუჭა თმა და სხვა. ყვითელი რასის განსახლების ტერიტორიისათვის დამახასიათებელია ხშირი და ძლიერი მტვრიანი ქარები, რასთანაც დაკავშირებულია კანის ფერი, დაპატარავებული ცხვირი, თვალის ვიწრო ჭრილი და სხვა. რასობრივი განსხვავება ძირითადად ფიზიკური ნიშნებით არის გამოხატული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის ტვინის განვითარებასთან, სისხლის ხარისხთან. ამ მხრივ ყველა რასის ადამიანი თანასწორია.

დეფინიცია

რედაქტირება

ბიოლოგიური დეფინიციის მიხედვით, რასა არის პოპულაცია, რომელიც სხვა პოპულაციებისაგან გენების გარკვეული მახასიათებლებით განსხვავდება.

ანთროპოლოგები ადამიანის რასის კლასიფიცირებას კანის ფერზე (პიგმენტაცია) და აღნაგობაზე დაყრდნობით ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ანთროპოლოგები რასის განსაზღვრას გენეტიკური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მონაცემების მიხედვით ახდენენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ „სუფთა რასები“ არ არსებობს და მათი შერევა საუკუნეების განმავლობაში მოხდა.

ბიოლოგიური დეფინიციისაგან განსხვავებით, სოციოლოგები რასას განსაზღვრავენ, როგორც ადამიანთა კატეგორიას, რომელიც მეტნაკლებად გამოირჩევა ისეთი ფიზიკური მახასიათებლებით, როგორიცაა კანის ფერი, თმის ტექსტურა და თვალის ფორმა.

რასა და ეთნოსი

რედაქტირება

სოციოლოგები განმარტავენ, რომ რასობრივი ჯგუფები განსხვავდებიან ფიზიკური ნიშნების მიხედვით, ხოლო ეთნიკური ჯგუფები კულტურული და ეროვნული მახასიათებლებით.

ეთნიკური ჯგუფი არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც სხვებისაგან გამოირჩევა ძირითადი კულტურული და ეროვნული მახასიათებლებით. გამოყოფენ ეთნიკური ჯგუფის ხუთ ძირითად ნიშანს:

  • უნიკალური კულტურული თვისებები
  • თემის შეგრძნება
  • შეგრძნება, რომ საკუთარი თემი საუკეთესოა
  • დაბადებიდანვე თემის წევრობა
  • მიდრეკილება საკუთარი გეოგრაფიული ტერიტორიის პატრონობისაკენ

რასისა და ეთნოსის კლასიფიკაცია წლების განმავლობაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნებით გამოიყენებოდა. ჩრდილო-ევროპელები რასის კონცეფციას აფრიკელთა მონობის რაციონალური ახსნისათვის იყენებდნენ - ისინი მიიჩნეოდნენ დამორჩილებულ, დაქვემდებარებულ რასად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kendall D. Social Problems in a Diverse Society, 2001. pp 40-61

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რასა&oldid=4603883“-დან
  NODES